სიახლეები
წყალტუბოს განვითარების ჯგუფი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს
წყალტუბის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ევროკავშირის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 134-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ, კი პროექტების შეფასების კომისიამ 20 საპროექტო განაცხადი შეარჩია. მათ შორის არის 14 პროექტი სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სფეროდან, 5 საჯარო სექტორიდან, ხოლო 1 სათემო ინიციატივაა.
სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტის ”წყალტუბოს განვითარების ჯგუფი” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need (PIN).
სოფლის მეურნეობის მიმართულებით მხარდაჭერილ პროექტებს შორისაა სასათბურე მეურნეობები სოფელ გვიშტიბში, მაღლაკში, გეგუთსა და ოფშკვითში, რომლებიც ახალ პროდუქტს შესთავაზებენ მომხმარებლებს, მაგალითად, სალათ რუკოლას და სადესერტო ჯიშის ყურძენს. ასევე, გაუმჯობესებული და ახალი საწარმოო საშუალებებით აღიჭურვა წიწილების ინკუბატორი ქალაქ წყალტუბოში.
რამდენიმე ბიზნესპროექტი ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებას ემსახურება, ესენია: სამი საოჯახო ტიპის სასტუმრო ქალაქ წყალტუბოში და სოფელ ხომულში, ასევე, სათავგადასავლო და საკემპინგე სივრცე „სამი ელემენტი“ სოფელ გუმათში. სპელეოტურიზმის მიმართულებით წყალტუბოს კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი შეემატება თეთრი მღვიმის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შემდეგ, სადაც მოეწყობა სივრცეები როგორც მკურნალობისათვის, ასევე, მოსვენებისათვის. გარდა ამისა, ტურიზმთან დაკავშირებული პროდუქტების კუთხით, მხარდაჭერილ იქნა ხელნაკეთი ნივთების საწარმოს - ბატიკის სახელოსნოს, ხოლო სერვისის მიმართულებით - გასართობი სივრცის ე.წ. „ბაიკერთა კლუბის“ პროექტები.
საგარნტო კონკურსის ფარგლებში წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა ერთ-ერთ ამოცანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურების სფეროს ხელშეწყობაც დაისახა - საბუღალტრო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული შეძლებს.
სათემო პროექტით ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის ინფრანსტრუქტურა, რაც ადგილობრივი ოჯახების და ახალგაზრდებისთვის ახალ ატრაქციას შექმნის და პარკის ფუნქციონალურ დატვირთვას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება საჯარო პროექტებს, სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, რაც მაღალმთიან სოფლებში ახალგაზრდებისათვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ქალაქ წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლაში შეიქმნება სამუსიკო წრე, რომელსაც სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი გადაეცემა, ხოლო მეოთხე საჯარო სკოლაში აღიჭურვება და მოეწყობა მინი კინოთეატრი. გარდა ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი პროექტის მხარდაჭერით შეიძენს მიკროავტობუსს და ადგილობრივებს შესთავაზებს მობილური კლუბის სერვისს, სოფლებში მოაწყობს სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით ღონისძიებებს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი შეიძენს ადაპტირებულ ტრანსპორტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დღის ცენტრის სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
იხილეთ პროექტების შეახებ დეტალური .ინფორმაცია
2021 წლის გაზაფხულზე წყალტუბოს განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურისის კიდევ ერთი ეტაპს გამოაცხადებს იმ საპროექტო განაცხადების მხარდასაჭერად, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებაში.
პროექტი „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით PIN-ის მიერ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში 2020-2024 ჩამოყალიბებული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად გააუმჯობესოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.